ბერშუეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული პირი დღეს გათავისუფლდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაკავებულს დღეს გაათავისუფლებენ.

,,უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი. უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, უახლოეს პერიოდში მოხდება", - აცხადებენ სუს-ში.