"ბევრჯერ მშიერი წავსულვარ ვარჯიშზე, საჭმელი არ მქონია, კარალიოკს ვჭამდით..." - ლაშა ბექაური

ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, რამდენიმე თვის წინ, "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ბავშვობაზე და განვლილ მძიმე პერიოდზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, იყო მომენტი, როცა ვარჯიშზე მშიერი წასულა.

„იყო მომენტები, როცა ქვებითაც გვიწევდა ვარჯიში, რადგან გირები და ჰანტელები არ გვქონდა. მანქანის ძველ საბურავებს ქამარზე გამოვიბამდით და ასე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

ჩემი სახლიდან დარბაზამდე 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ამ მანძილს ფეხით გავდიოდით. ძალიან ხშირად დაბრუნება ღამე გვიწევდა და პატარა ბავშვისთვის ამხელა გზაზე სიარული რთული იყო.

ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ. საჭმელი არ მქონია ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ისეთი გაჭირვება იყო, ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით, “ – ამბობს „პოსტ ფაქტუმში“ ლაშა ბექაური.