ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ეს ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა იყო პირველწყარო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, - განაცხადა გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.