ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ფოტოები ადგილიდან

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია. 

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

,,იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე", - აცხადებენ უწყებაში.