C ვიტამინი გრიპის ვაქცინის ნაცვლად - ხმაური გოგელიას კლინიკასთან

ცოტა ხნის წინ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკასთან ხმაური იყო. გრიპის ვაქცინით ასაცრელად მისული მოქალაქეები აცხადებემ რომ მათ გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს.

მათი თქმით, კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ, თუმცა მედპერსონალს აღნიშნული ინექცია მათთვის არ გაუკეთებია, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. საბოლოოდ კი უჯრაში C ვიტამინის ამპულები აღმოაჩინეს.

"ვკითხე, სამი წლის ბავშვს რა გაუკეთე მეთქი, მიმანიშნა ადგილზე და აღმოჩნდა C ვიტამინი, ცოტა იყო ამპულაში ჩარჩენილი, უჯრები მასთან ერთად გავაღე და იქ მხოლოდ იყო C ვიტამინი და ფიზიოლოგიური ხსნარი. ექიმი გაიქცა, ყველაფერი დაყარა, ხალათი გაიხადა, ტელეფონი, საფულე ყველაფერი დაყარა, facebook ჩართული დატოვა და გაქიცა. ეს ექიმი არის ამ კლინიკის დამფუძნებელი" - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

კიდევ ერთ მოქალაქის თქმით, მან ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნახა და თანხაც წინასწარ, ვიზიტის დაჯავშნისას გადარიცხა, თუმცა ადგილზე მისულს ხმაური დახვდა.

"facebook-ში ვნახე რეკლამა, რომ ხდება ამ კლინიკაში გრიპზე ვაქცინაცია "ვაქსიგრიპით", წინასწარი დაჯავშნით. ამისთვის თანხაც უნდა გადარიცხო წინასწარ. გადავრიცხე თანხა, ჩავეწერე და რომ მოვედი დამხვდა ეს სიტუაცია. ხალხი ამბობდა, რომ 35 ადამიანი არის აცრილი, მაგრამ გაკეთებულია ცე ვიტამინი, რადგან ერთ-ერთმა მოითხოვა და აჩვენეს ცე ვიტამინის ამპულა" - განაცხადა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებმა კლინიკასთან სამართალდამცველებიც გამოიძახეს. 

როგორც კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა. 

კლინიკაში ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.