კაცი, რომელმაც ცოლის გაგუდვა სცადა, ჩამომხრჩვალი იპოვეს

ახალციხეში, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, დღეს დილით იპოვეს. 

გარდაცვლილ მამაკაცს სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. 

,,ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ, შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. საწყალმა არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, ახალციხეში ახალგაზრდა კაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.