"დამძიმების რისკი ჩვილებში ყველაზე მეტია" - როგორ მკურნალობენ ინფიცირებულ ბავშვებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვებში COVID-19-ით ინფიცირების სიხშირესა და შესაძლო რისკებზე საუბრობს. 

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარება ორგანიზმის იმუნულოგიური პასუხია კოვიდზე.  

„ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, საერთო ავადობაში ბავშვების წილი 10-12%-ია . თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ავადობა იშვიათია, მაგრამ დამძიმების რისკი ჩვილებში ყველაზე მეტია. ბავშვებში მაინც ხველა და სიცხე არის ყველაზე წამყვანი სიმპტომები. 

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში კოვიდის მიერ გარკვეული გამოძახილია, იმუნოლოგიური პასუხია. ტემპერატურა არის 38 და უფრო მაღალი, ასევე არის გულისრევა, დიარეა და ღებინება. დამახასიათებელია გამონაყარი, შეიძლება იყოს ლორწოვანის დაზიანება, ხელისგულების დაზიანება. ეს სინდრომი კავასაკის მიმდინარეობას ძალიან ემსგავსება" - ამბობს ექიმი. 

ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ აღნიშნული სიმპტომებისას დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი განმარტებით, ბავშვი სწრაფად უნდა ვაჩვენოთ ექიმს, რათა სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ. 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს. შესაძლებელია გულის სისხლძარღვების დაზიანება და ანევრიზმების განვითარება. მკურნალობის ტაქტიკა იგივეა, რაც კავასაკის დროს. ბავშვებს სჭირდებათ ინტრავენური იმუნოგლობულინის გადასხმა, ასევე დექსამეტაზონი გამოიყენება. მქონდა ასეულობით პაციენტთან ონლაინ კონსულტაცია. მათ ჰქონდათ ჭინჭრის ციება. საერთოდ ვირუსული ინფექცია ყოველთვის შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ურტიკარიის გამომწვევი. თუ ცხელების დროს პაციენტი იღებს იბუპროფენს, ვეუბნებით, რომ აქცენტი პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატებზე გაკეთდეს" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.