დავანებოთ თავი მიღწეულით ტკბობას, ვიფიქროთ ახალ პასუხისმგებლობებზე - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა. 

მან პატრიარქის ცხოვრებასა და მისი წინამძღოლობით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელმაც ქართული ეკლესია მეტად გააძლიერა და ქვეყნის სულიერი დასაყრდენი გახადა. 

“დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების დღე.

ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს, უძველეს საპატრიარქო საყდარს და უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. მისი 44 წლიანი საპატრიარქო მსახურება აღბეჭდილია მნიშვნელოვანი პროცესებით საქართველოს სულიერ და პოლიტიკურ ცხოვრებაში; ეს გახლავთ მთელი ეპოქა, რომლის ადეკვატური დანახვა და სწორი შეფასება შეუძლებელია ფართო ისტორიული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

უდავოა, რომ კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიის მიერ განვლილი უკანასკნელი 44 წლიანი მონაკვეთი იყო არაერთგვაროვანი, რთული და სიმძიმეებით აღსავსე პერიოდი.

დღეს ქართული საზოგადოება საუბრობს იმის შესახებ, თუ რა შეძლო 44 წლის განმავლობაში ილია მეორემ. აქ, უწინარეს ყოვლისა, გვახსენდება: გამრავლებული ეკლესია–მონასტრები და სამღვდელოება, საგანმანათლებლო, სოციალური, საქველმოქმედო დაწესებულებები, საეკლესიო ხელოვნების დარგების აღორძინება და მრავალი სხვა, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო არაერთგვაროვანი პერიოდი; ალბათ, სწორედ ამიტომაც უწოდა ამ წლებს კათოლიკოს–პატრიარქმა „მზიანი ღამე“; აქვე ისიც უნდა გავიხსენო, რომ ახალი დროის გამოწვევების ფონზე, მის უწმიდესობას არაერთგზის უთქვამს: „მე გავაკეთე ის, რაც შევძელი!“

…და მართლაც შეუძლებელია იმის არ დანახვა, რაც ამ პერიოდში გაკეთდა და ამასთან ერთად არც ის მავიწყდება, რომ წმიდა სინოდის ერთ–ერთ სხდომაზე კათოლიკოს–პატრიარქმა ასე მოგვმართა: „…ახლა საჭიროა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მიღწეული შედეგები გადავიყვანოთ თვისებრივად ახალ ხარისხში, უფრო მეტად, ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე“;

ეს არის პირდაპირი მითითება იმაზე, რომ დავანებოთ თავი მიღწეულით ტკბობას, ვიფიქროთ ჩვენ წინაშე წარმოქმნილ სრულიად ახალ პასუხისმგებლობებზე და ვიზრუნოთ ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების ამაღლებაზე.

საზოგადოდ, პატრიარქის აღსაყდრების დღის სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა ძალიან დიდია. საქართველო და ქართველი ერი მუდამ იბრძოდა სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის. ამ მხრივ, არც დღევანდელობა (და, მით უფრო, მომავალი!) არის გამონაკლისი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას წარსულის დიდ დამსახურებასთან ერთად სამომავლოდ ასევე დიდი ისტორიული მისია ეკისრება ღვთისა და ერის წინაშე. ამიტომ განსაკუთრებული და გადამწყვეტია საქართველოს საპატრიარქო საყდრის როლი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პროცესში.

ამის განცდა გვავალებს, სათუთად მოვუფრთხილდეთ ჩვენს დედა ეკლესიას, სამოციქულო მემკვიდრეობას, ეკლესიის მამათა გამოცდილებას და ჩვენი სულიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს, რათა იყოს ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

+ გრიგოლი", - ნათქვამია მეუფე გრიგოლის წერილში.