ძალადობის ბრალდებით, თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ძალადობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება ჩაატარეს რის შედეგადაც დადგინდა, რომ 1994 წელს დაბადებულმა მოქალაქემ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებულ პიროვნებას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.