ექსპერტიზის ბიურომ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. 

აღნიშნული დასკვნა შსს-მ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინით" ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინით" ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).

ორმხრივ საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი-1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი- 4 საათი.

გვამიდან აღებული ბიოლოგიური ობიექტების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით: ორივე საზარდულის მიდამოდან აღებულ კანის და რბილ ქსოვილების პრეპარატებში ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მორფინი, კოდეინი და 6- მონოაცეტილორფინი; სისხლში ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი 118.0 ნგ/მლ, კოდეინი 18.1 ნგ/მლ და 6 მონოაცეტილმორფინი 15,1 ნგ/მლ ოდენობით; შარდში ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, 7766.3 ნგ/მლ, კოდეინი 48.5 ნგ/მლ; 6- მონოაცეტილმორფინი 1356.8 ნგ/მლ; ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) 11-ნორ- D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-9- კარბოქსიმჟავა.

ალექსანდრე ლაშქარავას გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედების) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედა ყბის ძვალია) მრავალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით - თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო, თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 5 ივლისი). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - ნათქვამია დასკვნაში.