ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების ნაწილს მოგზაურობის ისტორია აქვს - VIDEO

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან, ერთს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი შემთხვევა საფრანგეთს უკავშირდება, მეოთხეს ინფიცირების წყარო კი ბოლომდე დადგენილი არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. 

„ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი, თუ არ ვცდები, შემოტანილია საფრანგეთიდან და მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„შემოსული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ. მიღებული მონაცემებით და პაციენტის მდგომარეობის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარეობა და მოგახსენებთ დინამიკაში“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 26 განიკურნა.