ფინანსთა მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"5 მაისს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

5 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.