გამყრელიძე ონიშენკოს: მოგვეშვით, რა, "ლუგარში" მარტო ვერ ჩამოხვალთ

საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ამირან გამყრელიძე ეხმაურება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს რომ რუსეთს მხრიდან ამ "გამოხტომას" აქვს პოლიტიკური სარჩული.

"ჩვენ დიდი ხანია , 30 წელია რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი და ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხეში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი აქ როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. ამას არ დავუშვებთ ჩვენ რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსეთის დელეგაცია . ჩვენ მათ ვთავაზობთ რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში. ბატონო გენადი (ონიშენკო) ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ძალიან კარგად ვიცი , რომ ამას გალაპარაკებენ. შენით ხომ არ ლაპარაკობ ამ ყველაფერს? გეუბნებიან , გავალებენ რომ ეს თქვიო ხო?! მოვეშვათ რა. მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. სამჯერ დაგპატიჯეთ, პირადად გითხარით ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს, კარგად იცი რითიც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მოსთხოვა ლუგარის ლაბორატორიაში მისი სპეციალისტები დაუშვას და საშუალება მისცეს ყველა ოთახში შევიდეს და დოკუმენტაცია გადაამოწმოს. მათშორის ყველა დონეზე დაშვება მისცეს რუს სამხედროებს.