გარდაიცვალა თუ არა ინფიცირებული ლაგოდეხის კლინიკაში ადგილების არქონის გამო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის დირექტორი, ნუნუ ნოზაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლაგოდეხში ადგილების არქონის გამო, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა report.ge-თან არ ადასტურებს.

ნუნუ ნოზაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება და გარდაცვლილი 60 წლის კაცი რეალურად "არქიმედეს" კლინიკაში მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაცია report.ge-თან ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმაც უარყო.

ნიკოლოზ ყარალაშვილის თქმით, პაციენტი შესაბამის მკურნალობას მათ კლინიკაში გადიოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ტყუილია ეს ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ადგილი არ იყო, რა თქმა უნდა, ეს პირი კლინიკაში მკურნალობდა, დამატებით დეტალებზე შესაბამისი უწყება ისაუბრებს",- განაცხადა ნიკოლოზ ყარალაშვილმა

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში 60 წლის კოვიდინფიცირებულ კაცს კლინიკაში ადგილების არქონის გამო შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.