გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

26 წლის ყაზახი გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევაა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 მაისს 57 წლის კაცი დააკავა. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.