გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 2953-მა მოქალაქემ მიმართა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მიმდინარე წელს მეათე ადგილზეა. ქვეყნის მიგრაციის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 2953-მა მოქალაქემ მიმართა. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, განაცხადების რაოდენობა 3257 იყო. განაცხადების უდიდეს ნაწილზე მიგრაციის ბიურომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

გერმანიაში თავშესაფარი წელს მთლიანობაში 127 917-მა მოქალაქემ მოითხოვა, მათგან 31 436 სირიიდან იყო. ათეულში ასევე შედიან ერაყი, თურქეთი, ნიგერია, ავღანეთი, ირანი, სომალი და ერიტრეა. 3212 განაცხადში მოქალაქეობა მითითებული არ არის.