რატიანი: ყველაზე მძიმე, 82 წლის პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ყველაზე მძიმე პაციენტის, 82 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

,,გუშინ გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე, შაქრიანი დიაბეტით, ყველა გართულებით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან", - განაცხადა ლევან რატიანმა. 

მისივე თქმით, ამ დროისათვის, რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი მკურნალობს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 88 პაციენტი იმყოფება, მათგან 68 კოვიდინფიცირებულია. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონოვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი. გარდაცვლილია - 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5028 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.