კახეთში მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი მიმალვის დროს ავარიაში მოყვა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 47 წლის მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობის დროს ავარიაში მოყვა და დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფებს შორის სუფრაზე მოხდა. დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და ის ლაგოდეხის კლინიკაში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ურთიერთდაპირისპირების დროს სანადირო თოფიდან ესროლეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.