ქართული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 პირველად აფრინდა

ქართული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 რემონტის შემდგომ პირველად აფრინდა "თბილავიამშენის" აეროდრომზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თვითმფრინავმა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. 

სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

"სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.