ქართველი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა

წინა წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.2 პროცენტს.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირედით, 0.3 პროცენტით, გაიზარდა.  2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732).