ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგასამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,"-ნათქვამია განცხადებაში.