ხანძარი ჭუბერის ტყეში

ჭუბერში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.