დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სვეტიცხოველში საზეიმო წირვა რეგულაციების დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

„სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. 

ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება.