კომიდან გამოსული ხუმარაშვილი თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზს ვერ იხსენებს

თამაზ მეჭიაურის მძღოლი, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, კომიდან გამოვიდა. მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, მას მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვს, რის გამოც სამართალდამცველებს დაკითხვის უფლებას არ აძლევენ. 

ხუმარაშვილის დედის, ნენე ხარხელაურის განცხადებით, ახალგაზრდა ვერ იხსენებს მომხდარის დეტალებს.

"მეც მინდა რომ ვკითხო, მაგრამ ითიშება. ვერ იგებს ბავშვი რატომ იყო, სად იყო ან რამდენ ხანს იყო. გამოძიება რომ დაიწყოს და დაიკითხოს, სერიოზულ სტრესს მიიღებს და ამას მე არ დავუშვებ", - აცხადებს ნენე ხარხელაური. 

"მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ორინტირებს დროსა და სივრცეში, ვერ იხსენებს დეტალებს. მისი გამოკითხვა ჯერჯერობით დაუშვებელია. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, თუ რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე, მხედველობაში მაქვს ასფიქსია. მან გაიკვირვა და ვერაფერი მიპასუხა. ამდენად, სავალდებულოა, რომ პირდაპირი მტკიცებულება იყოს. ველოდებით მის ჩვენებას", - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.