კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი პოლიციამ დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

უწყების ცნობით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

"ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს," - ნათქვამია განცხადებაში.