კვლევა: რამდენ პროცენტს აღმოაჩნდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები

ინფექციური საავადმყოფო თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19-ის სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. 

COVID-19-ის სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევა მიმდინარე წლის 18-27 მაისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ ჩატარდა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში.  

მათი ცნობით, კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%.

კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის, შესაბამისად კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალსწინებელია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს: