ლევან რატიანი: 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

ქალბატონი, რომელიც არის მარნეულის კლასტერიდან, 79 წლის, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ, სტაბილურ ვიტალურ პარამეტრებს და გრძელდება დაკვირვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. 

რატიანის თქმით, სტაბილურია მარნეულში დაინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვის აპარატიდან გუშინ მოიხსნა. 

გარდა ამისა, მკვეთრად გაუმჯობესდა კლინიკაში მყოფი, კიდევ ერთი მძიმე პაციენტის, 80 წლის ქალის მდგომარეობაც და ის, შესაძლოა, აპარატიდან უახლოეს დღეებში მოიხსნას.

,,რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, რომელიც არის 62 წლის ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან, იცით რომ ის გუშინ მოიხსნა აპარატიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია. გარდა ამისა, მკვეთრად გაუმჯობესებულია 80 წლის ქალის მდგომარეობა. შესაძლებელია, რამდენიმე დღეში მოიხსნას აპარატიდან", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდზე არსებული ახალი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.