მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი საქართველოში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.

უწყების ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.

"სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით", - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.

ნახეთ, სულ რამდენი ადამიანია ვაქცინირებული საქართველოში.