ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა - VIDEO

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის კი საყურადღებო, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში სულ 62 პაციენტი მკურნალობს, მათგან 49 პაციენტი კოვიდინფიცირებულია.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 15 ახალი პაციენტიდან 12 თეთრიწყაროდან, 3 კი ბოლნისიდან შეიყვანეს, მათი ნაწილის მდგომარეობა საყურადღებოა, ძირითადი სიმპტომი არის ცხელება. 

„ბოჭორიშვილის კლინიკაში 49 პაციენტიდან ათი 18-წლამდე ასაკის მოზარდია, სამი პაციენტი მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და რეანიმაციაში მკურნალობს. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 496 გახდა.