მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო - VIDEO

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები როგორც სპეციალური ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის კუთხით. სვანეთში მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. 

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. 

მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი.

ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.