მინისტრი: სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები შემცირდა

2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს აღვნიშნავთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის იუბილეს. 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ამ სამსახურს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში შრომითი უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მოვახერხეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას - როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით. მადლობას ვუხდი დეპუტატებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, და შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება. 

დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი და მოქალაქეები აღიქვამენ იმ ღონისძიებების აუცილებლობას, რომლებსაც შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტი ნერგავს. 2015 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვნად აისახა 2019 და 2020 წლის სტატისტიკაში. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობა ნათლად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში. საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც თითოეული სეგმენტისთვის 33 რეკომენდაცია წარმოადგინა“, - განაცხადა ტიკარაძემ.