მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარასთან სანთლებს ანთებენ

ქრისტეშობის დადგომამდე ერთი საათი რჩება. ტრადიციულად, შობის ღამეს ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. 

ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

"შობის ღამესთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია. ამ ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში,"- განმარტავენ სასულიერო პირები.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა. 

7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.