მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს "ციმბირის ავიახაზები“ განახორციელებს

მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს „ციმბირის ავიახაზები“ განახორციელებს. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიას მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულება კვირაში შვიდჯერ შეუძლია.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „როსავიაციამ“ ავიაკომპანია „გლობუსს“ მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების უფლება გაუუქმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ივლისში შეწყდა.

საქართველოს საავიაციო სააგენტო ადასტურებს, რომ რუსეთის ავიაციის ადმინისტრაციამ მოსკოვი-ქუთაისის რეისზე „ციმბირის ავიახაზები“ დანიშნა. თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას არ ნიშნავს და აღნიშნულ რეისზე ამ კომპანიამ უბრალოდ „გლობუსი“ ჩაანაცვლა.