მყინვარწვერთან მისასვლელი ბილიკი დასუფთავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების სამსახური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და სასაზღვრო პოლიცია.

მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.

„მინდა ყველას, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს. ადგილობრივი ბიზნესექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა დასუფთავების აქციებში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული; დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.