"მთავარია, სულიერი სიკვდილის მსხვერპლნი არ გავხდეთ" - ილია მეორე

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქის ეპისტოლე პანდემიის საკითხსაც შეეხო.

"თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს", - ნათქვამია ეპისტოლეში.