"ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა, რომელსაც აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად დახვდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა საქართველოს აშშ-ს მთავრობისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა.
საქართველოს მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ფაიზერის" პირველი დოზით აცრის მსურველების რეგისტრაციის გავლა უკვე დღეიდან შეეძლებათ.
ცვლილებაა ასაკობრივ ჯგუფშიც - "ფაიზერით" აცრა უკვე 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.
მათ, ვინც პირველი დოზით აიცრნენ, მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.
როგორც ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, სარეგისტრაციო საიტი - booking.moh.gov.ge/ გამართულად იმუშავებს და მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის მისაღებად შეფერხებები აღარ ექნებათ.
Pfizer-ის გარდა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში აცრა ჩინური ვაქცინებითაც შეუძლიათ, მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისთვის მილიონნახევარია.