"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თბილისიდან გუმათში დაბრუნდნენ

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან გუმათში დაბრუნდნენ და სოფლის შესასვლელი ჩაკეტეს.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი გზას მხოლოდ კომპანია "ენკას" მანქანებისთვის კეტავენ. 

"სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება", -განუცხადა გოლეთიანმა ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილეები გუმათში დედაქალაქიდან ავტოკოლონით წავიდნენ. მათ მხარდამჭერები ქუთაისში ტაშითა და მანქანის საყვირებით შეხვდნენ.

ამ წუთებში, "რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში, კომპანია "ენკას" ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი საავტომობილო გზა რკინის ჯებირებით გადაკეტეს.