NCDC გრიპის ვაქცინაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში, სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

NCDC-ის ცნობით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა გრიპის სეზონს სრულად დაცული შეხვდეს.

"როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანია, გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია. სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა. 

ვაქცინები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უკვე შეუძლიათ. 

ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ:

ორსულებს;

დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ ადამიანებს;

დიაბეტის მქონე ადამიანებს;

მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;

საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;

C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მქონე პირებს;

60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;

პედაგოგებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს;

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს;

პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებს;

ჯანდაცვის პერსონალსა და ვეტერინარებს.

მეტი ინფორმაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიიღეთ ჩვენს ვებ გვერდზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.