ომბუდსმენი: არის საკითხები, რომლებიც შეზღუდვების კანონპროექტში არ აისახა

"საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებების ნაწილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა," - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ომბუდსმენი თვლის, რომ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს, პრობლემური და ხარვეზიანია 

"ინიცირებული კანონპროექტი საკმაოდ პრობლემური იყო და ხარვეზებს შეიცავდა. ადამიანის უფლებებზე მისი ნეგატიური გავლენის შერბილებისა და საკანონმდებლო პაკეტის გაუმჯობესებაში პოზიტიური წვლილის შეტანის მიზნით, სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრებები ერთი დღის ვადაში მიეწოდა საქართველოს პარლამენტს. მათი ნაწილი ამ დროისათვის (მეორე მოსმენის წინ) გათვალისწინებულია, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები წესრიგდება სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და არ ქმნის მისი სპეციფიკურად დარეგულირების საჭიროებას.

კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში. სახალხო დამცველი დეტალურად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი უზრუნველყოფისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ჩათვლით," - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.