ომბუდსმენი: 20 ივნისს აქციის დაშლა არაპროპორციულად მოხდა

2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლისას სამართალდამცველთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ცალკეულ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი როლის შეფასებაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, გამოძიება არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე და არ ცდილობს დაადგინოს ან გამორიცხოს აქციის დაშლისას უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტები.

,,აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, როდესაც ოთხ საათნახევრის განმავლობაში, შეკრების მონაწილეების მიმართ გამოიყენეს 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი; გაისროლეს 800-მდე რეზინის ტყვია. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. არც ერთ მათგანს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.