პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში მომხდარის გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

,,დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.

გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.
ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, - ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.
აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს",
- აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.