პიროტექნიკის აფეთქებისას პოლიციელები დაშავდნენ - დაკავებულია აქციის ორი მონაწილე

report.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, კინოთეატრ "ამირანთან" აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რომლებმაც შენობის წინ პიროტექნიკა ააფეთქეს. ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. პიროტექნიკის აფეთქების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კინოთეატრის შენობაში შეიყვანეს. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. "ამირანში" იმყოფებიან ექიმები, რომლებმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

კინოთეატრ "ამირანთან" ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები მაყურებელს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. კინოთეატრის წინ პოლიციის კორდონია მობილიზებული. აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ცდილობენ. შენობაში შესასვლელი კარი ამ დრომდე დაკეტილია. ადმინისტრაციას კარის გახსნის მცდელობა სამჯერ ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ვითარება დაიძაბა, ადმინისტრაციამ კინოთეატრის შესასვლელი კვლავ ჩაკეტა.

პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა. report.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას აფეთქებენ.

ვერის პარკში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები, კინოთეატრ "ამირანთან" დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ ყველა იმ პირს, რომელიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" სანახავად "ამირანში" მივა. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ისინი კინოთეატრში შევლენ და კინო-ჩვენებას ჩაშლიან.