პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევენ

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევენ. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება. 

2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს ეწურება. შესაბამისად, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით :
2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე;
1 წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;
2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული - საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;
1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.