რას წერს უცხოური მედია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს უცხოური მედიაც ეხმიანება. 

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებები, რომლებსაც გადასახლებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, მმართველი პარტია „ქართული ოცნებას“ უპირისპირდებიან", - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle. 

"2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართული ოცნების" პოპულარობა ეკონომიკური სტაგნაციისა და დემოკრატიის უკუსვლის გამო, თანდათანობით დაეცა. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას ისახავს მიზნად. სააკაშვილი, რომელიც 2013 წლიდან ემიგრაციაში უკრაინაში ცხოვრობს, ოპოზიციურ კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელშიც მისი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და 30-მდე პარტია შედიან. საქართველოს რთული საარჩევნო სისტემის გამო, ანალიტიკოსების თქმით, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემადგენლობა, შესაძლოა, მხოლოდ ნოემბრის ბოლოს გახდეს ცნობილი", - წერს გერმანული გამოცემა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საინფორმაციო სააგენტო Aljazeera-ც ეხმიანება. 

"ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი საარჩევნო სისტემა ხელს შეუშლის პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. ქართული ოცნების მმართველობის დასრულების მიზნით, ოპოზიციური პარტიები კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ... საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ პარტია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს ქვეყანას არსებითად მართავს", - წერს Aljazeera-ს სტატიის ავტორი.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის უახლეს ისტორიაში", - წერს გამოცემა Euronews

"დღევანდელი არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით ტარდება, რაც პოლიტიკური ხმების ფართო სპექტრს გულისხმობს. ეს ცვლილება საყურადღებოა იმიტომაც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკა მხოლოდ ორ ძირითადი პოლიტიკური ბანაკის - "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ პოლარიზდება"- წერს გამოცემა.

"დღეს უკვე უმრავლესობას სურს ინსტიტუციებზე დაფუძნებული კოალიციური მთავრობა, ვიდრე - ერთპარტიული სისტემა, რომელსაც ერთი ლიდერი ხელმძღვანელობს და რომელსაც საზოგადოება მხსნელად მიიჩნევს“, – განუცხადა ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა Euronews-ს.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, 1991 წლიდან, ქართულ პოლიტიკაში მსხვილმასშტაბიანი პიროვნებები დომინირებდნენ, რომელთა შორისაც დღევანდელი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპლინით იმედოვნებს უკრაინიდან ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს მიხეილ სააკაშვილია - საქართველოს ყველაზე სკანდალური ექს-პრეზიდენტი.

საქართველო გავლენიანი პოლიტიკოსების გავლენას განიცდის: ჯერ იყო ედუარდ შევარდნაძე, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ახლა ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამ გავლენიანი პოლიტიკოსების გამო არიან ამომრჩევლები გაყოფილნი, ვიდრე პოლიტიკით და პოლიტიკური პარტიებით. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს კეთილმსურველი მოყვარეები და ცუდისმსურველი მტრებიც", - განუცხადა Euronews-ს საქართველოს საკითხებში ექსპერტმა მაქს ფრასმა.  

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს.