რატიანი: თუ ასე გაგრძელდა მკურნალობა წავა არჩევითად

თუ ასე გაგრძელდა, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას და მკურნალობა წავა არჩევითად, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გადარჩენის ამოსავალი წერტილი ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა ან შეკავება იქნება.

,,ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების, საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, არჩევითად მკურნალობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მათ ამ დახმარებას, სამედიცინო დაწესებულებები ვერ გაუწევენ. 

"სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახდენს ტრიაჟს და როგორც ახლა ხდება დაყოვნება, უარესად დაყოვნდება და ვერ მოხვდებიან მიზანმიმართული ჯგუფები კლინიკებში, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს,"- განაცხადა რატიანმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.