ყვარელში ავარიისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ყვარელში ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. თელავი-ყვარელის გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 

დაშავებულია კიდევ ერთი ახალგაზრდა.

როგორც report.ge-ს ფაქტის თვითმხილველმა უთხრა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა ორ ნაწილად გაიყო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.