როდის დაიწყება და დასრულდება თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობა

თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროექტი მასშტაბურია და მის დასრულებას 2 წელი დასჭირდება. 

„ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლო გადავა ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან, რადგან იქ ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს. ასევე, გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე - გავაკეთოთ პატარა კუბები, სადაც ახალგაზრდებს - მხატვრებს, არტისტებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.