როდის გამოაცხადებს ცესკო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს?!

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ოლქების მიერ დამოწმებული ოქმების ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge დაიწყო. არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს კომისია "თითქმის ყველა უბნის" შედეგის დათვლის შემდეგ გამოაცხადეს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე ატვირთულია საუბნო ოქმების 52%.

"წინასწარი შედეგების ასახვის მიზნით ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით.

შედეგები ამ მომენტიდან მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკო-ს ვებ-გვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ რაც ხელთ გვექნება თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩეველს, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.