როდის შემოვა "სინოფარმის" ვაქცინა საქართველოში - გაბუნიას განმარტება

ჩინური ვაქცინის "სინოფარმის" 100 ათასი დოზა ხვალ ჩამოვა. ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - ვსაუბრობთ ორ კვირაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და თუ "სინოფარმის" მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე რისკი იქნება, ამის შესახებ მყისიერი ინფორმაცია გვექნება. 

"ჩინური ვაქცინის "სინოფარმის" 100 ათასი დოზა ხვალ ჩამოვა. ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებიდან ძალიან ფართოდ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობები +2 +8 გრადუსია. რაც შეეხება ავტორიზაციას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე "მოდერნასაც" არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული "სინოფარმის", "სინოვაკის" და "მოდერნასთვის". დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ "სინოფარმი" აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა "სინოფარმის" მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი.

არჩევანის უფლებაც იგივე რეჟიმში განხორციელდება, როგორც ეს ხდება "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში, ლიმიტირებულ ფარგლებში, ბუნებრივია. ყველა სხვა წესი, რაც სხვა ვაქცინებზე მოქმედებს, იმუშავებს "სინოფარმისთვისაც". 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი "სინოფარმის" სასარგებლოდ. "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - ვსაუბრობთ ორ კვირაზე. სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.