როგორ განაწილდება ვაქცინა და ვინ მოხვდება პირველ სამიზნე ჯგუფში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის ძირითადი ასპექტები გააცნო, რომელიც მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდა. 

თამარ გაბუნიას განმარტებით, მიზანია, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას ვაქცინაციის პირველივე ეტეპზე, მაღალი ალბათობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში.

„გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს მოცული. ეს იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის, ასევე ვაქცინაციის მოცვით ჯამურად იყოს მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იმუნური პასუხით და მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს უსაფრთხო, აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები... ძირითადი დაშვებები, რომელსაც გეგმა ემაყრება არის ის, რომ ვაქცინებთან მიმართებით სიტუაციები მუდმივად იცვლება, განახლებადია. თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიზებულ ვაქცინებზე – „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით, გეგმაში და შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია, შანსი აქვთ, რომ უახლოეს თვეებში ისინიც მიიღებენ ავტორიზაციას, რაც მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს ვაქცინებთან მიმართებაში. ბუნერივია, ჩვენც ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ უპირველეს ყოვლისა აიცრებიან მაღალი რისკის მქონე სამიზნე ჯგუფები. ასეთ ჯგუფში შემავალი ადამიანების რაოდენობა 71 000-ია. გეგმის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის 46 000 მუშაკის ვაქცინაცია. 

"იმუნიზაციის პროგრამის გაშლა იგეგმება ეტაპობრივად, პირველ ჯგუფში მოხდება მეტად მაღალი რისკის პირების მოცვა, რომელსაც შემდეგ დაემატებიან სხვა პირები. პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი არიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები. ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად 71 000-ია. მოცვის მაჩვენებელი არის 65 პროცენტი. არის იმგვარი დაშვება, რომ რიგ შემთხვევაში, ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ექნება რამე თანხმლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვაქცინაცია არ იყოს ნაჩვენები, ამდენად, სამიზნე მოცვა არის 65 პროცენტი, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მოცვის მაჩვენებელი.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე, ძალიან მალე, მაღალი ალბათობით ეს იქნება უკვე ამ წლის პირველი კვარტალი, ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პორველ კვარტალში და დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამას შემდეგ მოყვებიან ხანგრძლივი მოვლის დაწსებულებების ბენეფიციარები და პერსონალი“ ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციის შემდგომ ეტაპზე შედარებით ნაკლები რისკჯგუფები აიცრებიან. ესენია: 55-დან 64 წლის პირები. ხოლო, რაც შეეხება უფრო ახალგაზრდებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, გამოყოფილია ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რომელშიც ყველა ის ქრონიკული მდგომარეობაა გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, რიკსფაქტორი გახდეს, თუ პაციენტს შეხვდება ახალი კორონავირუსი.